... ხომ შეიძლება ტყუილის თქმა მაინც ისწავლოთ სასაცილოდ რომ არ გამოიყურებოდეს? - გუდკოვის პასუხი სამხარაძეს

გამოქვეყნდა:

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუსი ოპოზიციონერის, დმიტრი გუდკოვის ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ის იყო იმ დუმის წევრი, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარა

"ის მანამდე იყო დუმის წევრი, იმ დუმისა, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ამიტომ ვერ ვხედავ მე აქ აჟიოტაჟის საფუძველს.

აქვე შემიძლია ვთქვა, ის, რომ ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვებაზე როდესაც არის ხოლმე საუბარი, მე მინდა გაგახსენოთ 2008 წელს, ნავალნიმ რა უწოდა ქართველებს. ამის შემდეგ მის დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში შეგვიძლია ვიმსჯელოთ" ამბობს სამხარაძე.

გუდკოვმა მალევე უპასუხა "ოცნების" დეპუტატის ამ განცხადებას.

"დიდხანს იფიქრეს, როგორ აეხსნათ, რატომ ვერ ვჭამ ხინკალს მშვიდობის ხიდის ხედით და ბოლოს მოიფიქრეს. ციტირებას ვახდენ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის.

მე არ შემიშვეს იმიტომ რომ:

1. ვიყავი სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რომელმაც აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. "

2. ნავალნიმ 2008 წელს ქართველს შეურაცხყოფა მიაყენა.

მე ვპასუხობ.

1. აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს აღიარა. 2011 წელს გავხდი დეპუტატი. 2008 წლიდან, როდესაც საქართველოში მიიღეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არასდროს ვყოფილვარ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ნიშნად. გარდა ამისა, მე, სახელმწიფო დუმის დეპუტატი გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერდა, არ ვმჯდარვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

2. ჩემი სახელია "დმიტრი გუდკოვი", და არა "ალექსეი ნავალნი".

მესმის, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებას პუტინი მოსწონდეს. სააკაშვილის დაპატიმრება არ კმარა, მთელი რიტუალური ჟესტი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალი არჩევნების კონტექსტში ფინანსური მხარდაჭერა მიიღოს. მაგრამ ხომ შეიძლება ტყუილის თქმა მაინც ისწავლოთ სასაცილოდ რომ არ გამოიყურებოდეს?

არარსებულ კითხვას ვუსვამ სამხარაძეს: ლიუბოვ სობოლიც სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო? იგორ კოჩეტკოვასაც ნავალნი ქვია? მინდა შევახსენო, არც საქართველოში შემოუშვეს. დამთხვევა? - ნამდვილად !" წერს ის.

გუდკოვი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს სცემს და იმედოვნებს, რომ ორივე ქვეყანა - რუსეთიც და საქართველოც თავისუფალი და დემოკრატიული გახდება. 

"პატივს ვცემ:

- საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;

- ქართველ ხალხს;

- მისი ევროპისკენ სწრაფვას.

მეზიზღება:

- პუტინის მსახურების სურვილი;

- ტყუილი.

ორივე ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი და დემოკრატიული." წერს რუსი ოპოზიციონერი.

დმიტრი გუდკოვი საქართველოში 31 იანვარს არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაადეპორტეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი