ეს არის მსოფლიოში დემოკრატიის და ავტორიტარიზმის დაპირისპირება და საქართველომ უნდა აირჩიოს რომელ მხარეს დგას - ასეთი განცხადებები კეთდებოდა დღეს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე და იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე იყო საუბარი, რის წინაშეც დღეს ფაქტობრივად მთელი ცივილიზებული სამყარო დგას.
დისკუსიას ესწრებოდნენ როგორც საერთაშორისო ანალიტიკოსები, ასევე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი.
ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას წესით კარგად უნდა ესმოდეს უკრაინაში მიმდინარე პროცესების სიმძიმე და უკრაინის შემდგომ უკვე საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე, მათ შორის კარგად უნდა ესმოდეთ მათ, რომ ეს გეოპოლიტიკური კრიზისი შესაძლებლობად აქციონ, თუმცა ამის ნაცვლად ვხედავთ ისევ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას და ფაქტობრივად სრულ დუმილს ქართული ოცნების ხელისუფლებისგან
უსაფრთხოების კონფერენციაზე დღეს გააანალიზეს, რამდენად ისწავლა ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა წარსული გამოცდილებიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 2014 წლის ყირიმის ოკუპაციიდან და რამდენად გამოიტანა სწორი დასკვნები დასავლეთმა რუსეთის ულტიმატუმებთან დაკავშირებით.
ძირითადად ყველა თანხმდებოდა იმაზე,რომ ნატო და აშშ ბევრად მობილიზებული და ერთიანია რუსეთის ულტიმატუმის პირისპირ.
ამაზე მეტყველებს მათი კონკრეტული ხისტი ქმედებები, ის რომ უკან არ დაიხევენ და თუ რუსეთი გადაკვეთს უკრაინის საზღვარს და მისი ტერიტორიების ოკუპაციას ისევ შეეცდება, პასუხი იქნება შესაბამისი - უპრეცედენტო სანქციების პაკეტი, რომელსაც ამუშავებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ევროკავშირი.