ქართული ე.წ. ლიდერშიპის განცხადებები და ქმედებები ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება - აუსტრევიჩიუსი

გამოქვეყნდა:

"საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება - მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება", - ამბობს ლიეტუველი ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩიუსი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

"შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს, შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს - უკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს", - თქვა მან.

ამასთან, ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" განცხადებები და ქმედებები ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. 

"იმედგაცრუებები ჩნდება და ქრება ხოლმე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მზარდ წინააღმდეგობას ვაწყდებით პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. ხშირად ეს გარე ფაქტორებითაა განპირობებული, რუსეთის ჩარევით - ვფიქრობ, კრემლს ძლიერი მეხუთე კოლონა ჰყავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მმართველ პარტიაში არიან სხვადასხვა ადამიანები, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში, ვერ ვხედავთ მმართველი ძალის სრულ მზაობას, საქმე ევროპული გზისადმი ერთგულებით აკეთონ. ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ დღის წესრიგშია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დღის წესრიგი ძალიან პოლიტიზებული და ინდივიდუალურია, და არ შეესაბამება ევროპულ აღქმას, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საუკეთესო მაგალითი, რაც, თავის მხრივ, შიდა პოლიტიკისადმი ნდობას არ აძლიერებს. ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ ქართული ე.წ. ლიდერშიპის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას", - ამბობს პეტრას აუსტრევიჩიუსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი