ტყე პრემიერის ცოლისთვის - მთავრობის სტრატკომი დუმილს არღვევს და ვიდეოს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

რამდენიმეკვირიანი დუმილის შემდეგ, მთავრობა განცხადებას ავრცელებს ღარიბაშვილის ცოლის ტყესთან დაკავშირებით და მედიაში გავრცელებულ ყველა ინფორმაციას უარყოფს.

მეტი დამაჯერებლობისთვის, მთავრობის სტრატკომი ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც მათი მტკიცებით, ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ინფორმაციები საზოგა​დოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად:

"ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ საუბარია არა ბაკურიანში არსებულ ტყის მასივის დიდ ნაწილზე, როგორც ამას ცდილობენ წარმოაჩინონ დეზინფორმაციის ავტორები, არამედ დაახლოებით 0,6-მდე ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. შესაბამისად, სრული აბსურდია საუბარი იმის შესახებ, რომ ბაკურიანში მცხოვრები მოსახლეობა და ტურისტები ვეღარ შეძლებენ ბაკურიანის ტყეში გადაადგილებას. ასევე ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, განთავსებულია სხვა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები და კოტეჯები და საუბარი იმის შესახებ, რომ „პრემიერ-მინისტრმა ტყის მასივში, რეკრეაციულ ზონაში რეზიდენცია აიშენა“ ისეთივე სიცრუეა, როგორც სხვა ბრალდებები.

ასევე აბსურდი და ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აპირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე საკუთარი სათხილამურო ტრასის მოწყობას და ამისთვის ხეების განადგურებას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აუქციონში გამარჯვებული იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ტყის მოვლა-პატრონობა და დაცვა, ასევე იგი ვალდებულია ტყითსარგებლობისას არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).

პრემიერ-მინისტრის ოჯახმა ბაკურიანში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე 5 958 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის იჯარის უფლება მოიპოვა ღია აუქციონის წესით, მხოლოდ და მხოლოდ ტყის მოვლა-პატრონობისა და მრავალწლოვანი, მარადმწვანე ხეების დარგვის მიზნით, რის სანაცვლოდაც სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხდის შესაბამის საფასურს 5 958 ლარის ოდენობით.

ასევე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ იჯარის შესახებ დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც აგებულია აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანია, არის ღია და საჯარო, ისევე როგორც აუქციონი, რა გზითაც მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე იჯარის უფლების მოპოვება. ჩატარებულ ღია აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ნებადართულია გარკვეულ ტერიტორიაზე ტყით სარგებლობისა და იჯარის უფლების მოპოვება.

აღნიშნული ვიდეომასალითა და დოკუმენტური ფაქტებით ნათლად ჩანს, ყველა გავრცელებული ბრალდება არის სიყალბე, ფაქტების დამახინჯება და წარმოადგენს ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს, რაც ემსახურება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას, რაც ისევე, როგორც სხვა მრავალი, მართული დეზინფორმაციული კამპანიები, უშედეგოდ დასრულდება“, – აცხადებენ მთავრობის სტრატკომში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი