
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში - მხარეებმა სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს და როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მდინარაძემ განაცხადა, შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გატარებულ რეფორმებს შეაფასებს, ასევე მოამზადებს საკუთარ ხედვას.
„ყველა შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ის, რომ არასდროს შეგვიქმნია დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა წარსულში სასამართლო რეფორმებთან მიმართებით. ეს არავის შეუფასებია, თუნდაც სუბიექტურად და შემდეგ ეს შეფასებები არავის შეუჯერებია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ერთი თვის ვადაში წარმოვადგინოთ შეფასებისა და გარკვეული ანალიზის დოკუმენტი, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხივე ტალღას შეეხება." ამბობს ის.
მდინარაძის თქმით, "ოცნებას" ექნება საკუთარი ვერსია და არ გამორიცხავს შეთანხმებას ოპოზიციასთან
"არ გამოვრიცხავ, რომ იყოს საკითხები, რაზეც შევჯერდებით როგორც მიღწევებთან და სასამართლოში გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით, ასევე გამოწვევებთან მიმართებით. ბუნებრივია, თუ ასეთ საკითხებზე შევთანხმდით, დავაინიცირებთ ცვლილებებს და ეს კარგი იქნება. რაზეც ვერ შევჯერდებით, ამაზე დისკუსიას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.