პროკურორმა მიიღო დავალება იმ ადამიანებისგან, ვინც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან, დავით კირკიტაძის პროცესის დაწყებამდე ისაუბრა.
"რუსთავი არის ის ქალაქი, სადაც ქართულმა ოცნებამ ერთო ერთზე დაპირისპირებაში წააგო ნაციონალურ მოძრაობასთან. დათო კირკიტაძემ 2018 წელს მოიგო არჩევნები და თუკი ვინმეს სჯერა, რომ თაროზე შემოდებული საქმე 4 თვის განმავლობაში რიგითმა პროკურორმა ჩამოიღო, რა თქმა უნდა ასე არ არის. მან მიიღო დავალება რუსთავში იმ ადამიანებისგან, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე", - თქვა ნიკა მელიამ.
მანვე აღნიშნა, რომ მომავალ თაობებს აინტერესებს როგორი იქნება საქართველო 2022-2023 წლებში, მაგრამ "ოცნებას" სურს, რომ სივრცე პოლიტიკური მართლმსაჯულებით გააჯეროს, თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება.
"ქართული ოცნება ცდილობს, ყველა ის უმსგავსობა, მანკიერება, ძალადობა, უკუსვლა გადაფაროს და ყველაზე მთავარი რასაც აკეთებს, უნდა, რომ ეს ყველა პრობლემა დაიყვანოს "ნაცმოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირებამდე. სინამდვილეში, პირველ ეტაპზე უნდა გადავრჩეთ როგორც ერი და სახელმწიფო, უნდა ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოს მოქალაქეები, გვქონდეს შემოსავალი. ამ ყველაფრის მოსურნე არის მოსახლეობის უმრავლესობა. ამ დროს "ქართული ოცნება" ცდილობს, საზოგადოებას უთხრას, იცი რა ? მე ჩხუბი მაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან, იმიტომ, რომ ის მეცილება ძალაუფლებაში. სინამდვილეში ეს არის მტკნარი სიცრუე", - ამბობს ნიკა მელია.
ცნობისთვის, ენმ-ის წევრის პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.