საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უკვე მე-6 დღეა, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
ამასთან, ისინი ითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტს ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მანამ, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.
"ვითხოვთ ექიმის შეშვებას მიხეილ სააკაშვილთან, რომ გავიგოთ, როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, ეს აქციები რა თქმა უნდა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. აგრეთვე, ჩვენ უკვე შემდგომი დღეებისთვის დავაანონსებთ კარვების გაშლის სამოქმედო გეგმასაც", - თქვა "მიშას სექტორის" წარმომადგენელმა, ლევან მერებაშვილმა.
აქციას ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია შეუერთდა. მან მოქალაქეებს მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.