პრემიერ-მინისტრმა მწვავე გზავნილებით ახალი გაფრთხილება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან და უმცირესობის ლიდერისგან მიიღო. წერილის არსებობა პრემიერმა არ შეიმჩნია და მთავრობის სხდომაზე გამოსვლის დიდი ნაწილი პრივატიზაციასა და ეკონომიკური მდგომარეობაზე ლაპარაკს დაუთმო.
წერილს, რომელსაც პრემიერი დუმილით შეხვდა, წერია, რომ თუ საქართველო კარს გაუღებს რუსეთის უფრო მეტად ჩარევას ქვეყანაში, ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ პარტნიორობას გადახედავს.
საქართველოს ისტორიაში არცერთ მთავრობას ასეთი შინაარსის გზავნილებით სტრატეგიული პარტნიორისგან მსგავსი წერილი არასდროს მიუღია. სენატორების კრიტიკაზე პასუხის გაცემა კი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სცადა.
დღის მეორე ნახევარში კი პრემიერმა ვეღარ თქვა, რომ ამერიკიდან განგაშის ზარი ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრებაა. გიორგი გახარიას არ დაუმალავს, წერილებს სტრატეგიული პარტნიორისგან კიდევ ელოდება, თუმცა აქცენტი ახალ ელჩზე გადაიტანა და თქვა, რომ მისთვის კელი დეგნანმა პოზიციაა საინტერესო.
სენატორების უმკაცრეს გზავნილებზე დღეს გიორგი გახარია სიტყვებს ზომავდა, თუმცა სტრატეგიულ პარტნიორთან მთავარი ცეცხლი „ოცნების“ საპარლამენტო ლიდერებმა გახსნეს. უმრავლესობამ ამერიკელ კონგრესმენ-სენატორებთან ურთიერთობის ეს ეტაპი ომს და მეგობრული ცეცხლის გახსნას შეადარეს.
სენატორები ხელისუფლებას პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და ოპოზიციის აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო აკრიტიკებენ.
ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს გზავნილები ყურადღებით წაიკითხოს და არჩევნებამდე ქვეყანა მნიშვნელოვანი რყევების გარეშე მიიყვანოს. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს მიმართ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
სტრატეგიულ პარტნიორი რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე ალაპარაკდა, ამაზე დღეს პასუხისმგებლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ოცნების“ მთავრობას დააკისრა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას არასდროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია.
„ოცნების“ მთავრობისთვის წერილების სერია კონგრესიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა, ჩაგდებული პროპორციული სისტემა გააპროტესტა და დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე ღიად ალაპარაკდა.