
სამოქალაქო პლატფორმა 20/20 ამტკიცებს, რომ ცესკოში საგანგებო მობილიზებაა და შუალედური არჩევნების წინ გიორგი კალანდარიშვილის უწყებამ ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში საარჩევნო კომისია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული და სუს-ის მიერ წარდგენილი პირებით დააკომპლექტა.
ორგანიზაციის მტკიცებით, ბათუმში ცესკომ კომისიის დროებით წევრად, ხუსკივაძე - კობალაძის საქმის ოქროს მოწმე აირჩია. საუბარია ზაალ ზაალიშვილზე:
"ზაალ ზაალიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოადგენდა ქართული ოცნების წევრს[იხ. ქვემოთ], ის სოციალურ ქსელში დღემდე აქტიურად აქვეყნებს ქართული ოცნების სიახლეებს და ეწევა ხელისუფლების პროპაგანდას. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ზაალ ზაალიშვილის კანდიდატურას ცესკოს თავმჯომარემ გიორგი კალანდარიშვილმა მხარი დაუჭირა, ზაალიშვილთან ერთად კანდიდატად აირჩა სიმონ პარუნაშვილი, რომელიც არის ცესკოს კოორდინატორი, აქვს მრავალწლიანი საარჩევნო გამოცდილება და არის საარჩევნო მანიპულაციების ოსტატი. მოგეხსენებათ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები იმართება ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი ნუგზარი იყო პოლიტიკური სუბიექტის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. საზოგადოებაში არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება უკავშირდება შესაძლო ზეწოლას, რომელიც განხორციელდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მხრიდან. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ბათუმში საარჩევნო დესანტის მივლენა." ნათქვამია 202/20-ის არაგეგმიურ ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, მძიმე მდგომარეობაა რუსთავის ოლქშიც, სადაც წარდგენილი კანდიდატებიდან შეირჩა 3 კანდიდატი: ანდრო შინჯიკაშვილი, დიმიტრი ახალაშვილი და ლევან კაპანაძე.
"ლევან კაპანაძე არის გიორგი ჯავახიშვილის ბავშვობის მეგობარი. N21 გარდაბნის ოლქში კანდიდატებიდან შეირჩნენ: ზაალ თათრიშვილი, საბა დოროყაშვილი და რომლებიც არიან ცესკოს კოორდინატორები და სუსთან დაახლოებული პირები და ოცნების მორჩილი კადრები." - წერს 20/20
ცესკოში კი ბრალდებებს უარყოფენ - საარჩევნო ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაცია 20/20- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება