კალაძის ქონება 40 მილიონს აჭარბებს - მდიდარი მერის მანქანები, სახლები, ბინები კიევში, ნახატები...

გამოქვეყნდა:

"პორშე 911" - 150 ათასი დოლარი, "ტესლა"- 40 ათასი დოლარი, თანამედროვე მოტოციკლი, 35 ათას ლარი და მილიონობით დოლარი და ევრო უცხოური ბანკების ანგარიშებზე - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია თბილისის მერის დეკლარაციიდან, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება;

ბინები თბილისში, აგარაკები თბილისთან ახლოს და ძვირადღირებული აპარტამენტები კიევის ცენტრში - მაღალანაზღაურებადი ყოფილი ფეხბურთელის მრავალმილიონიან ქონებაში ეჭვებს მხოლოდ ის იწვევს, როგორ ყიდულობს ახალ, ძვირადღირებულ ნივთებს თბილისის მერი მაშინ, როცა ფეხბურთელის კარიერით მოგროვილ თანხას, არაფერი აკლდება?

კალაძის ქონება:

კიევი - გამარჯვების გამზირი 39, თბილისის მერი მრავალსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულს მთლიანად ფლობს. 220 კვ/მ ბინაში კახა კალაძემ 150 000 დოლარი წლების წინ გადაიხადა...მეზობლები კიევიდან ადასტურებენ, რომ როდესაც კალაძე კიევს სტუმრობს საკუთარ სახლში რჩება, დანარჩენ დროს ბინას აქირავებს.

კიევი - შევჩენკოს გამზირი 11. კიდევ უფრო ძვირადღირებულია კალაძის სახლი მილიონერების კორპუსში, 700 000 დოლარად ბინა თბილისის მერმა 2005 წელს შეიძინა, თავად კალაძეს ამ სახლში თითქმის არასდროს უცხოვრია. ბინა კალაძეს გაქირავებული აქვს. 

უკრაინული ქონებიდან კახა კალაძის დეკლარაციაში მიწაც ფიქსირდება, 2019 წელს თბილისის მერმა 3000 კვადრატული ტერიტორია 2 მილიონ დოლარად გაყიდა, თუმცა უძრავი ქონების საიტზე მსგავსი ზონალური ტერიტორიები გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე კალაძის მიერ შევსებულ დეკლარაციაში წერია, ვის მიყიდა მიწა კალაძემ უცნობია.

თანხა კახა კალაძემ მყიდველისგან სამ ნაწილად აიღო, დეკლარაციაში მხოლოდ 200 ათასი დოლარი აქვს დაფიქსირებული.  

ღარიბი დედაქალაქის უმდიდრესმა მერმა მძიმე პანდემიის მიუხედავად საკუთარი ფუფუნებისთვის არაფერს იკლებს...

ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით 2 200 000 ლარი სახლის შესაძენად დახარჯა. თბილისის მერს თანხა არც სატრანსპორტო საშუალებებისთვის დანანებია - "ჰარლი დევიდსონის" უახლესი მოდელის მოტოციკლისთვის 35 ათას ლარამდე გადაიხადა. ზაფხულში ნაყიდი კიდევ ერთი მოტოციკლი- "მავერიკი" 20 ათასი დოლარი დაუჯდა.

დეკლარაციის მიხედვით ოჯახმა ამ ზაფხულს ავტოპარკი განაახლა. კახი კალაძემ თავისთვის 150 ათას დოლარად ახალი პორშე 911 იყიდა, ანუკი არეშიძემ კი, დეკლარაციის მიხედვით, ტესლას ახლა მოდელში 40 ათასი დოლარი გადაიხადა. 

წლების განმავლობაში, თბილისის მერის ანგარიშზე არსებულ დიდ ფულს თითქმის არაფერი აკლდება, საეჭვო გარემოება კი სწორედ აქ იკვეთება, რა ფულს ხარჯავს მერი საკუთარ ფუფუნებაში. 

ლისზე, ფეშენებელური სახლი ანუკი არეშიძის სახელზეა გაფორმებული და თითქმის მილიონ ნახევრად არის შეფასებული.

სახლი ბიძინა ივანიშვილის მეზობლად წყნეთში, უძველეს უბანში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე აუზით და ულამაზესი ხედით. 

კახა კალაძის საბანკო ანგარიშები იმაზე უფრო მდიდრულია ვიდრე მისი უძრავი ქონება. ინტეზა სან პაოლო 4 მილიონ 200 000 დოლარი, ჯულიუს ბეარ 3 მილიონ 672 375 ევრო, თბილისის მერი ამავე ანგარიშზე ინახავს 365 ათას დოლარს. ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი რომელსაც მისი ქონებრივი დეკლარაცია მოიცავს. ათასობით დოლარი და ევრო კალაძეს ქართულ ბანკებშიც ბევრი აქვს.  

კალაძის დეკლარაციაში წარმოდგენილი ანგარიშების მხოლოდ ეს ნაწილი 25 მილიონ ლარს აჭარბებს, თუმცა თანხის დიდი ნაწილი უძრავ მოძრავი ქონების სახით აქვს, საერთო ჯამში თბილისის მერის ქონება გაცილებით დიდია და 40 მილიონს აჭარბებს.

კალაძის უყვარს ფერწერული ტილოებიც, მისი დეკლარაცია ცნობილი მხატვრების საკოლექციო ნამუშევრებსაც მოიცავს  - ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი... 6 ტილო თითქმის 1 მილიონ ლარამდეა. ტილოები მის ფეშენებელურ სახლებშია გადანაწილებული.   

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი