კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112-ში" მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია.
ამასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც მუშაობის პროცესს აფერხებს.
"112" მოქალაქეებს მოუწოდებს, ცხელ ხაზზე არამიზნობრივად არ დარეკონ.
"გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე.
გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:
• 112 - სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება
• 112 - 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური
• 112-2 - Covid-19
Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/
112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს", - ნათქვამია განცხადებაში.
"112-ის" ცნობით, თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე.