ხელისუფლებისგან მიტოვებული მოსახლეობა კახეთში - თელავის სოფელ კურდღელაურში ადგილობრივები ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილი. გასულ წელს, სტიქიის გამო, 10-ზე მეტი სახლი დაზიანდა. იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი გამოიყო, დაზარალებულთა ნაწილს სახლის სახურავი არ შეუკეთეს.
კურდღელაურში ამბობენ, რომ სახურავების რეაბილიტაცია ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით განახორციელა. მათი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ხელისუფლება მხოლოდ იმ ადამიანებს დაეხმარა, ვინც საკუთარ ამომრჩევლად მიაჩნიათ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება საკუთარი სახსრებით უწევთ.
"მთლიანი კედლებია გაუბედურებული. სამჯერ მივედი და ვუთხარი წამოდით. თქვეს, უფ, აქ სამგან არის ჩამოსული. შენთან რომ სამგან ჩამოვიდეს წყალი, შენ აიტან?! ამ მთავრობას არ ეკუთვნისო, იმ მთავრობასო და ის რომ მოვა ხელისუფლებაში, ის გაგიკეთებსო - ასე გამცეს პასუხი კანცელარიაში", - ამბობს სტიქიით დაზარალებული ბელა გოგლიძე.
კიდევ ერთი დაზარალებული, თინათინ ნასყიდაშვილი ყვება: "გამზადებული მაქვს ცელოფანი, დაჭრილი, რომ წამოვიდეს წყალი საწოლებს გადავაფარო და გადასაყრელი არ გამიხდეს. საბჭოში მივედი, მაგრამ ვინც თვითონ უნდოდათ, იმათი სახლები გააკეთეს".
ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივებს ხმების სანაცვლოდ დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ მას შემდეგ არაფერი გაუკეთებიათ.
თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი კი ამბობს, რომ წინა მერის დროს სამუშაოები ჩატარდა, მისი მერობის დროს კი 13 სახლი გადახურეს. ახლა კი, მისივე თქმით, უნდა შემოწმდეს ინდივიდუალურად სახლები და გაირკვეს, რომ სახლები სტიქიამ დაუზიანათ და არა სიძველემ.
"თუ რაიმე სტიქია იქნება, ამისთვის მე მაქვს თანხა გამოყოფილი, თანხა გავზარდე და აუცილებლად დავეხმარები. თუ სახურავი დაზიანებულია სტიქიით და არა სიძველით, მერია ამ შემთხვევაში აუცილებლად აანაზღაურებს", - ამბობს ანდრიაშვილი.
ცნობისთვის, თელავში კიდევ რამდენიმე სოფელია, სადაც ოჯახები დაზიანებული სახლების დახმარების მოლოდინში არიან.
ავტორი: ია გულიაშვილი
ამავე თემაზე: