მივლინებები ხალხის ხარჯზე | 2020 წელს, პანდემიის პირობებში "ოცნების" მაღალჩინოსნებმა 60 მილიონამდე ლარი დახარჯეს

გამოქვეყნდა:

წლიდან წლამდე საქართველოს ხელისუფლება მივლინებებში სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავს. მათი მგზავრობის, სასტუმროს, კვებისა და უცხოეთში გადაადგილების ხარჯებს კი ხალხი იხდის.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში კოვიდ პანდემიაა და ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, სახელმწიფო უწყებებმა მაღალჩინოსნების მივლინებებში 2020 წელს 60 მილიონამდე ლარი დახარჯეს. შესაბამისი დოკუმენტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

მაგალითისთვის, 2020 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მილვინებებზე - 1.7 მილიონი ლარი დახარჯა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - 2.9 მილიონი, თავდაცვის სამინისტრომ - 3.1 მილიონი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 2.7 მილიონი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ - 1.5 მილიონი.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიზიტები, რომელიც განახორციელეს, მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, კონკრეტულ რომელ ვიზიტებზე საუბრობენ.

საკითხზე საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ კვლავ წინა ხელისუფლებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდთან შედარებით, ახლანდელი ხელისუფლების მივლინებები უფრო "ხარისხიანია".

"აიღეთ კონკრეტული მივლინებები, ანგარიშები და მოითხოვეთ კონკრეტულად რა გააკეთა მაგალითად როდესაც ჩასული იყო ბრიუსელში, ვაშინგტონში, ან რასთან დაკავშირებით იყო საუბარი, როდესაც იყო უსაფრთხოების კონფერენცია, ან ბრიუსელის კონფერენცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ასე შემდეგ. უამრავი თემაა, რაშიც რა საკვირველია ხარჯებში ვერ შეედრება სააკაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, ხარისხით გაცილებით უკეთესია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდის მივლინებები", - ამბობს გია ვოლსკი.

ენმ-ის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ამგვარი ქმედებები ბიუროკრატიული სახელმწიფოსა და "არაზნეობრივი ჩინოვნიკებისთვის" არის დამახასიათებელი.

"როდესაც მთელი მსოფლიო ჩაკეტილი იყო და პერიოდში 57 მილიონი იხარჯება მივლინებებსა და წარმომადგენლობით ხარჯებზე, რამდენი იქნება 2021-ში, რაც ჯერ არ ვიცით. მაგრამ ვიცით დაახლოებით რამდენი იქნება. 2019 წელს პანდემიამდე მივლინებებზე იხარჯებოდა 100 მილიონი ლარი. ეს ერთ უზარმაზარ საქმეს გადაჭრიდა ქვეყანაში. ეს არის ბიუროკრატიული სახელმწიფოს და არაზნეობრივი ჩინოვნიკების ქმედებისათვის დამახასიათებელი საქციელი", - თქვა რომან გოცირიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი