
დღეს, როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ერთიანი სია არარეალიზირებადია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას.
შესაბამისი განცხადება უგულავამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. ამბობს, რომ ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნისა და არჩევნების ძველი სისტემით ჩატარების შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს.
მისივე თქმით, ასეთი მოსაზრება თავადაც ჰქონდა, თუმცა მაშინ ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობაც," ამ იდეის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.
ერთიანი სიის იდეა მე მქონდა დაჭერამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა სისტემა 73/77 რჩებოდა. ყველა ლიდერი ნაწილდებოდა მაჟორიტარულ ოლქებში, სია პირობითი იყო და დგებოდა ალფავიტის მიხედვით. სიაში ადგილს და პარტიულ კვოტებს აზრი არ ჰქონდა, რადგან ამ ყველაფერს კრავდა და რეალისტურს ხდიდა ის, რომ გამარჯვების შემდეგ რიგგარეშე, უკვე პროპორციული არჩევნები ტარდებოდა. ეს იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზირებადი აღმოჩნდა. სკეპტიკური იყო მათ შორის ენმ-ც. დღეს, როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს აჩევნები (120/30), ერთიანი სია არარეალიზირებადია, მეტიც ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური და საკმარისი ძალისხმევაა გამარჯვებისთვის. ხოლო ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს, თუ პარლამენტში 120/30 სისტემა ჩავარდა. ამასთანავე, იმედი მაქვს, მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი, - წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას ერთიანი პროპორციული სიის შემუშავებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ სიით გამოსვლას სთავაზობს.