„მთავარი არხის“ დამფუძნებელს და გენერალური დირექტორს საქალაქო სასამართლოში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიაზე თავდასხმას ათობით ადამიანი, მათ შორის, სასამართლოს მანდატურებიც შეესწრნენ. დაკავების და საპატიმროში გადაყვანის ნაცვლად სამივე მოძალადეს პოლიცია რამდენიმე წუთის განმავლობაში სასამართლოს ეზოში ესაუბრებოდა, ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
მთელი დღის განმავლობაში ძალოვანი უწყებისგან ვერ მივიღეთ პასუხი დააკავეს თუ თავდამსხმელები და წარუდგინეს თუ არა ბრალი მძიმე დანაშაულისთვის, არც იმას ამბობენ, პოლიციის რომელ განყოფილებაში იკითხებიან მოძალადეები.
ამ დრომდე უცნობია, დამნაშავეების ვინაობა, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის გია ვოლსკის გარემოცვის წევრები არიან და „მთავარი არხის“ დამფუძნებელზე თავდასხმა პირველად არ უცდიათ.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები რამდენჯერმე „მთავარი არხის“ შენობასთან იყვნენ მოსულები და თანამშრომლების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. ისინი მონაწილეობდნენ იმ ინციდენტშიც, როდესაც გიორგი გაბუნიას და თამთა მურადაშვილს თავს დაესხნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
ნიკა გვარამიას ბრალდებების შემდეგ კი კამერებთან გიორგი ვოლსკი არ გამოჩენილა. მისმა თანაგუნდელებმა კი მხოლოდ ის თქვეს, რომ ძალადობას გმობენ.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა ოპოზიციონერებისთვის კიდევ ერთი ნიშანია, რომ ხელისუფლებამ ოპონენტების წინააღმდეგ ღია ომი გამოაცხადა და უკანონო მეთოდებით ცდილობს შეაშინოს ყველა, ვინც „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელს მოძალადეები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის გიორგი რურუას პროცესზე მივიდა. თუმცა ეს პროცესი ერთადერთი არ იყო, რომელზე დასწრებაც დღეს ნიკა გვარამიას მოუწია. ის ჯერ გიორგი რურუას ინტერესებს იცავდა, შემდეგ კი მეორე დარბაზში საკუთარი ბრალდების საქმეზე სხდომას ესწრებოდა.
მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა თავიდან დაიწყო. გიორგი არევაძემ საქმე აიცილა, ახლა კი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს უწევს შეაფასოს საქმის მასალები, რომელსაც დაცვის მხარის მტკიცებით სისხლის სამართალთან კავშირი საერთოდ არ აქვს.
ნიკა გვარამია ითხოვდა, რომ მისი საქმე მოსამართლეთა კოლეგიას განეხილა, თუმცა ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვიტა, რომ მისი კომპეტენცია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად და ობიექტური გადაწყვეტილების გამოსატანად საკმარისია.