სოფელ კირბალში "ანტისაოკუპაციო საბჭოს" პრეზენტაცია იმართება - ადგილზე ოპოზიციის წევრები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ჩავიდნენ. საბჭოში ჯერ ჯერობით 4 ოპოზიციური პარტია ერთიანდება.
ენმ-ს წევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ რუსეთმა თითოეული გატაცებული საქართველოს მოქალაქის გამო საერთაშორისო ასპარეზზე დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
"ძალა ერთობაშიას" ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, საბჭოს შექმნის მიზანი ოკუპაციის თემის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნება და პოლიტიკოსების მხრიდან საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების დახმარებაა.
"შიშის ქვეშ ვართ, ოკუპირებული რომაა ქვეყანა და ტერიტორია, კარგად როგორ ვიცხოვრებთ. 30 მეტრით ჩამოიწიეს, ლამის სასაფლაოების ნახევარი მოიყოლეს, აქეთაც ჩამოიწიეს. მთავრობიდან არავინ მინახავს, პოლიცია თუ ამოვა ხოლმე ათასში ერთხელ. მიშვებულია, კონტროლი არ არის და უფრო და უფრო ქვევით იწევენ", - ამბობს ადგილობრივი.
ბოლო ერთი თვეა ოკუპანტები შიდა ქართლის არაერთი სოფლის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციას აგრძელებენ.