მასალები გასაჯაროვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოებას - თოლორაია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

გამოქვეყნდა:

გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში, რომელსაც ლონდა თოლორაიას უწყება მიხეილ სააკაშვილის მიმართვის პასუხად ავრცელებს:

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით, უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დამადასტურებელი დასკვნები.

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი. მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი.

სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თოლორაიას დღეს მოუწოდა, გამოაქვეყნოს ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს მის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. საუბარია გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში მოტყუებით გადაყვანის ეპიზოდზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ვიდეოჩანაწერების ის ნაწილი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს არ გამოუქვეყნებია. მასალის გასაჯაროებისკენ თოლორაიას მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმაც მოუწოდეს, რომლებმაც ნახეს აღნიშნული მასალა და ამბობენ, რომ სრული ვერსია ბევრად მძიმეა, ვიდრე ის, რაც ბრეგაძის უწყებამ გამოაქვეყნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი