
კანადის დედაქალაქ, ოტავაში Covid 19-ის რეგულაციების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სატვირთო მანქანის მძღოლები კვირაზე მეტია, დედაქალაქში აქციას მართავენ. მიზეზი გასულ თვეს მიღებული რეგულაციაა, რომლის თანახმადაც აშშ-კანადის საზღვრის გადაკვეთისთვის სატვირთო მანქანის მძღოლებისთვის COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.
ოტავას ცენტრი სატვირთო მანქანებითა და კარვებითაა პარალიზებული. დემონსტრანტები კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და ვაქცინაციის მოთხოვნას აპროტესტებენ.
დედაქალაქის მერის თქმით, დემონსტრანტების რაოდენობა პოლიციელებზე მეტია და საპროტესტო აქცია ქალაქის მცხოვრებლებისთვის საფრთხეს ქმნის, აქციას უკიდურესად მემარჯვენე და ექსტრემისტი დემონსტრანტებიც შეუერთდნენ.