
"ახალი საქართველოს" ლიდერი მესამე პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება. გიორგი ვაშაძე ერთიანი პროპორციული სიით წარდგენის იდეას საინტერესოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გუნდი იყო და რჩება ოპოზიციის კონსოლიდაციის მხარდამჭერად.
ვაშაძის თქმით, ამ კოორდინაციის პირველი ეტაპი საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებაა:
მე და "ახალი საქართველოს" გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე. ვთვლით, ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს. ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო" - ამბობს გიორგი ვაშაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებში ერთიანი პროპორციული სიით გამოსვლა შესთავაზა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ერთიანი ძალებით და კოორდინირებული ნაბიჯებით არის შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება.