
საქართველო უნდა იყოს მიწვეული NATO-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრობს. მის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ნატო-ს მადრიდის სამიტამდე საჭიროა, გაიმართოს ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს შეხვედრები. ეს შევთავაზე გენერალურ მდივანს. მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. ვიდრე პეკინში ჩავიდოდი, თბილისში გავჩერდი. ვისაუბრე უსაფრთხოების სიტუაციაზე, დავინტერესდი მისი ხედვითა და შეფასებით. მე მჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს მიწვეული ნატო-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე და უნდა შედგეს ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის შეხვედრაც ამავე დონეზე, რათა მოვახდინოთ სოლიდარობის დემონსტრირება ამ ქვეყნების მიმართ, ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია. ეს ქვეყნები ყოველთვის ლოიალურები იყვნენ ალიანსის მიმართ და ჩვენც უნდა ვაჩვენოთ, რომ ნატო-ს ისინი ახსოვს. ეს მნიშვნელოვანია ნატო-ს სანდოობისთვის“, – განაცხადა დუდამ.