რაგბის კავშირის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები რუსეთთან ერთობლივ შეკრებას გამართვას, ვეტერანი მორაგბეები ეხმაურებიან.
ისინი ამბობენ, რომ ასეთი რამ ქართული რაგბის ისტორიაში არასდროს მომხდარა.
მათი თქმით, ეს დაიგეგმა იმ ფონზე, როდესაც მანამდე ანალოგიურ შეკრებაზე ჩამოსულ ლიეტუვას ნაკრებს არავინ დახვდა და ქართული რაგბი ლამის საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა.
"1 წლის წინ ლიეტუვას ნაკრები მოიპატიჟეს, მერე თქვა ბაჩო ხურციძემ, რომ არ მოგვიპატიჟიაო, არ ეთამაშეს, არ შეხვდნენ, არ გააცილეს, თავხედები ეძახეს და დღეს ხელებგაშლილი ვხვდებით რუსეთს და ასე მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ ერთ ბაზაზე და ერთად ვივარჯიშოთ",- ამბობს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე, სიმონ მაისურაძე.
7-კაცა რაგბის მენეჯერი, ალექსანდრე ნიჟარაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სხვა არხებზე "ახსნის".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის 7-კაცა რაგბის ნაკრები საქართველოში საწვრთნელ შეკრებას გაივლის, ქართული მხარე კი ოკუპანტი ქვეყნის სპორტსმენების მასპინძლობას სრულად საკუთარ თავზე იღებს.