მილიონერი და "ღატაკი" მინისტრების ფეშენებელური ვილები

გამოქვეყნდა:

უსახლკარო პრემიერი ფეშენებელურ ვილას დიდი ხანია საგულდაგულოდ მალავს. ბუნებრივი ქვა, დახერხილი აგური, ტყვიაგაუმტარი შუშები და წითელკრამიტიანი სახურავი - მფლობელმა რეკონსტრუქციაზე განაცხადი 2019 წლის 24 მაისს შეიტანა, თანხმობა კი გიორგი ციცქიშვილმა მიმართვიდან მალევე, 1-ელ ივლისს მიიღო. 

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარია ყველაზე ღარიბი ჩინოვნიკია. დოკუმენტი ადასტურებს, რომ მთავრობის მეთაურს არც საცხოვრებელ სახლი და არც ავტომობილი ჰყავს. თუმცა ამჟამინდელი სასახლე სხვა რამეზე მეტყველებს. წავკისში მდებარე ვილასა და მის გარშემო არსებულ ტერიტორიას ახლა სრულად დაცვის სამსახური აკონტროლებს. პრემიერისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, შენობის გარშემო ყველა მიწა სწორედ გიორგი ციცქიშვილს ეკუთვნის. მთავრობის მეთაური კი მაინც ამტკიცებს, რომ ქონება  მხოლოდ წინა ცხოვრებაში შეიძინა.

ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი, წარსულსა და აწმყოში ერთი და იგივე გმირების არსებობაა. სახლი სადაც ახლა პრემიერი ცხოვრობს, იმავე ადამიანს ეკუთვნის, ვინც მანამდე გახარიას ოჯახს დანგრეულ ქოხში 720 ათასი ლარი გადაუხადა, თითქოს სასტუმროს ასაშენებლად. "შაბათის მთავარის" კითხვას პასუხობს, რომ ფული აღარ აქვს და სასტუმროს აშენება გადაიფიქრა. 

კიდევ ერთი საეჭვო ტრანზაქცია გიორგი გახარიას მამის სახელზე არსებულ ქონებას ეხებოდა. ოქროყანაში არსებული მიწის ნაკვეთიც სწორედ გიორგი ციცქიშვილმა იყიდა. 

მორიგი შთამბეჭდავი სასახლე შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის. წითელი კრამიტის სახურავი აქაც აქტუალურია. ვახტანგ გომელაურმა საგანგებოდ, ალუმინის კარ-ფანჯარა და ლითონის კარი შეარჩია. სახლი ქვით არის მოპირკეთებული. ტერიტორიაზე ექვსი გარე და რამდენიმე შიდა სათვალთვალო კამერაა. უზარმაზარი მიწის ნაკვეთი გომელაურს ორ ნაწილად აქვს გაყოფილი. სრულ ტერიტორიას დაცვის სამსახური აკონტროლებს. გომელაურს საქართველოს ბანკში 80 ათასი დოლარის სესხი აქვს აღებული, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფეშენებელური ვილის მოსაწყობად დასჭირდა. თუმცა, სასახლე სადაც ახლა მინისტრი ცხოვრობს, გაცილებით ძვირადღირებულია. ერთადერთი, რაც ახლა ვახტანგ გომელაურს სრული კომფორტისთვის სჭირდება, სახლის გარშემო არსებული გზაა, რომელის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს.

ერთი შეხედვით უბრალო სახლი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს ეკუთვნის. კოჯორში 2686 კვადრატული მეტრიდან 407 კვ.მ.  საცხოვრებელი ფართია. ინფრასტრუქტურის მინისტრი რამდენიმე ბინას ფლობს თბილისშიც. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ვიცე-პრემიერის მეუღლე დავით ხატიაშვილი აკონტროლებს ელიავას მიმდებარედ ხის მასალების ბიზნესის სოლიდურ ნაწილს. წერეთლის გამზირზე მდებარე ხის საამქროების ტერიტორიაზე კი დამატებითი ბიზნესინტერესები აქვს. ხატიაშვილის შესახებ კარგად იციან, თუმცა საუბარს იმის გამო ერიდებიან, რომ ის ინფრასტრუქტურის მინისტრის მეუღლეა. 

დიდი ღია ტერასა, საზაფხულო ფართობი, და აუზი - ქალაქის ცენტრში ამ ძვირადღირებული სახლის მშენებლობა ეკონომიკის მინისტრმა დაიწყო. ზემო ვაკეში მდებარე სახლი თითქმის 562 კვადრატული მეტრია. აქედან 462 საცხოვრებელი ფართია. პროექტის ავტორი ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა. არის თუ არა საკმარისი მინისტრის ხელფასი ამ სახლის ასაშენებლად უცნობია, თუმცა ამ დროისთვის ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებულია. 

თავდაცვის მინისტრი, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავი და ძვირადღირებული მაჯის საათების კოლექციას ფლობს, აქსესუარებში ჯამურად ნახევარ მილიონ ლარზე მეტს იხდის, ფულის გადახდას არც ავტომობილებში ერიდება. მისი ოჯახის სახელზე ბოლო ორ წელში ორი ავტომობილია - ჯამში 122 ათასი ევროს ღირებულების. მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბოლო ორი სართული ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაა - ჯამში 350 კვადრატულზე მეტი. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც სახურავზე მოწყობილი ორანჟერია და მოედანია. დეკლარაციის მიხედვით, თავდაცვის მინისტრის მეუღლეს გასულ წელს ბაკურიანში მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი მალავს, რომ ტერიტორიაზე, ტყის შუაგულში უკვე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაც დაიწყო. 

თეა წულუკიანი კი 330 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართსა და ავტოფარეხს ფლობს. ეზოში მდებარე საცურაო აუზი მინისტრს ამ დრომდე ცარიელი აქვს. სახლი მოძველებულია, აივნები ჟანგმოკიდებული და ძველმოდური ჟალუზები. მინისტრის მყუდროებას ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს. 

კიდევ ერთი ღარიბი მინისტრი მიხეილ ჩხენკელია. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განათლების მინისტრი ორჯერ იყო, მანამდე და შუალედში ერთ-ერთი უნვერსიტეტის მეწილე. თუმცა, მიხეილ ჩხენკელი ან მალავს, ან ნამდივლად ღარიბია. დეკლარაციის მიხედვით მას არაფერი გააჩნია. არ ფლობს არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას. ყველაზე კარგად კი ფულის შენახვა გამოსდის. ერთადერთი, რაც მიხეილ ჩხენკელის ოჯახს აქვს დანაზოგია - 1800 ევრო, 1500 დოლარი და 300 ლარი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი