სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსული დელეგაციის მოპატიჟებას სერგეი გავრილოვი პოზიტიურად ეხმაურება. 20 ივნისის სისხლიანი აქციების მთავარი მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მას ეპოქალურს უწოდებს. გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზადაა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან თითქმის 12 წლის შემდეგ, როდესაც თბილისიდან 50 კილომეტრში რუსული ტანკები უცვლელად დგას და მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, სერგეი ლავროვის მიღება, მინიმუმ ანტისახელმწიფოებრივი იქნება.
ამერიკელი ანალიტიკოსი დევიდ კრამერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ადგილზე ასეთ სარისკო ნაბიჯს არ გადადგამდა, მით უმეტეს, რომ ქვეყანას 20 ივნისის ჭრილობები არ მოუშუშებია.
დევიდ კრამერის მთავარ ადრესატს საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუსული დელეგაციის თბილისში მოპატიჟებაზე დღეს არაფერი უთქვამს. სერგეი ლავროვის საქართველოში მიღების რისკებზე დღეს ქალაქის მერმა ისაუბრა. კახა კალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მოგვიანებით კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული.
გაცილებით უფრო კატეგორიულია იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანისთვის სალომე ზურაბიშვილის არგუმენტაცია სრულიად მისაღებია.
შეიძლება თუ არა ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარება, თუკი თბილისში თუნდაც ასეთი მაღალი რანგის ევროპული ღონისძიება ქვეყნის უსაფრთხოებას და სამოქალაქო მშვიდობას შედგება და სასწორზე დადებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას ლავროვის ვიზიტის შედეგები გათვლილი არ ჰქონდეს, ან პროვოკაციას თავად აწყობდეს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტის სასახლესთან გააპროტესტეს. ზურაბიშვილი "ლავროვის მატრიოშკა", "ლავროვსაც საკადრისად დავხდებით" - ამ ტიპის წარწერები მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ათონელის რეზიდენციის წინ დატოვეს.
გავრილოვის ვიზიტიდან თითქმის ერთი წლისთავზე შესაძლოა, საქართველოს ეწვიოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრას უმასპინძლებს.