მესამე პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარია და "ოცნება" მისი პატიმრობით კრემლის დავალებას ასრულებს.
პროცესს ესწრება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ერთი დიდი უსამართლობაა.
"აი ამ ინსტიტუტს, მე საერთოდ პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობით, დღეს რომ არის, არანაირი ნდობა ჩემგან არ აქვს. ამიტომ, მე ამ პროცესებზე დავდივარ ჩემი შვილის სანახავად, მართალი გითხრათ და მოსასმენად. დანარჩენი არავითარი ილუზია არ მაქვს, რომ რამე შეიცვლება.
რაც შეეხება დღევანდელი საქმე, გუშინდელი საქმე, ხვალინდელი საქმე, ჩემთვის ეს ყველაფერი ერთია, ერთი დიდი უსამართლობა", - თქვა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი იმართება. სხდომას მესამე პრეზიდენტიც დაესწრება. დღეს უნდა დაიკითხოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.