
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულებას თითქმის 2 თვეა მისი პირადი ექიმი და ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენლები ვერ ახერხებენ. კონსილიუმის წევრები რუსთავის ციხეში შესვლას მიხეილ სააკაშვილის იქ გადაყვანის შემდეგ ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
"სჭირდება ადეკვატური და შესაბამისი მკურნალობა, რასაც ის არ იღებს. ეს არის ძალიან საშიში გზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაინვალიდება. არანაირი პროგრესი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არ არის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, და ამაზე პასუხი რა თქმა უნდა, უნდა აგოს პენიტენციურმა სამსახურმა", - ამბობს "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.
ექიმ ლალი ჯავაშვილის თქმით, არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ამ დრომდე არ ჩატარებია მაგნიტო რეზონანსული კვლევა, რაც ექიმებს საშუალებას მისცემდათ შეეფასებიდათ ტვინის ქერქის მდგომარეობა.
მესამე პრეზიდენტთან ემპათიის ექიმთა კონსილიუმის შეშვების შუამდგომლობა ადვოკატებმა გუშინდელ პროცესზე დააყენეს. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღება, პენიტენციურ სამსახურს დაავალა, თუმცა მას არაფერი უთქვამს კონკრეტულად ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით.