"დაუყოვნებლივ დაიწყოს თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემის პროცესი" - ბრიფინგი ენმ-ში

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" არაერთი წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობებში რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა, ეს კი მოქალაქეებს უამრავ პრობლემას უქმნის.

საკითხთან დაკავშირებით ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ბიუროკრატიული პრობლემები კიდევ უფრო აშკარა გახდა მას შემდგ, რაც საკრებულოების ნაწილში უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას იწყებს.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს თვითმმართველობებისთვის ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზე არსებული ქონების გადაცემა და შემოსავლების დიდი ნაწილი დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტში.

"დეცენტრალიზაციის პროცესი გულისხმობს ადგილობრივი არჩეული საკრებულოებისათვის და მერებისთვის ისეთი უფლებამოსილების გადაცემას, როგორიცაა ადგილობრივი ქონება, სასოფლო სამეურნეო მიწები, საძოვრები, ბუნებრივი წიაღისეულები. დღეს ყველა ეს ჩამოთვლილი უფლებამოსილება არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, რომელიც დამატებით ბიუროკრატიას ქმნის ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.

მაგალითად, თუ ზუგდიდელს, წალენჯიხელს, სენაკელს დასჭირდება თავისი სასოფლო-სამურნეო მიწის რეგისტრაცია, მან ამისთვის უნდა მიმართოს ცენტრალურ ხელისუფლებას. არადა რეალურად, ევროპული ქარტიით და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ყველა ეს ჩამოთვლილი კომპეტენცია არის სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება.

პრობლემაა ასევე ადგილობრივი შემოსავლების ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" არაერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ადგილობრივი შემოსავლების სრულად დატოვება ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც მას მისცემდა შესაძლებლობას, ყოფილიყო თვითკმარი, დამატებითი შემოსავლების მხოლოდ 19% რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში, დანარჩენს ანაწილებს ცენტრალური ხელისუფლება", - თქვა ანა წითლიძემ.

მან ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს მოუწოდა, დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობებში, რაც მისივე თქმით, ხელს შეუწყობს იმას, რომ არჩეული საკრებულოები და მერები უფრო ქმედითები იყვნენ.

გარდა ამისა, წითლიძემ მიმართა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, განახორციელოს ზედამხედველობა აღნიშნული პროცესზე და უპასუხოს კითხვას - რატომ არ ასრულებენ სამინისტროები დაკისრებულ ვალდებულებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი