არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" აცხადებს, რომ პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევის პროცესი უნდა შეაჩეროს. მათი განცხადებით, თანამდებობაზე პრემიერის მიერ წარდგენილი კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტებს.
საუბარია ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეზე.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შესარჩევი კომისიის საქმიანობაში მათი გამგეობის თავმჯდომარეც მონაწილეობდა. მათ ღარიბაშვილს განსხვავებული აზრი წარუდგინეს და კონკურსის ხელმეორედ გამოცხადება მოითხოვეს, თუმცა პრემიერმა ეს არ გაითვალისწინა.
"განსხვავებული აზრი მოიცავს კანდიდატების პროფესიული და მორალური რეპუტაციის შეფასებას და დასაბუთებას, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებს მათი კვალიფიკაცია და პიროვნული მახასიათებლები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნებს.
იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, და პრემიერმინისტრმა არ გაითვალისწინა "უფლებები საქართველოს" მიმართვა კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პარლამენტის როლს ამ პროცესში. კერძოდ, „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს არ უნდა დაუჭიროს მხარი და ამით შექმნას წინაპირობა კონკურსის ხელახლა გამოცხადებისათვის", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, სარჩელი შეტანილი აქვს სახალხო დამცველსაც. მათ თქმით, მნიშვნელოვანია სასამართლომ დააჩქაროს სარჩელების განხილვა, ხოლო, მისი გადაწყვეტილების მიღებამდე ახალი თანამდებობის პირების შერჩევა არ მოხდეს.