
რუსეთმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მედიის ცნობით, მიზეზი მსოფლიოს მხრიდან, უკრაინასთან დაკავშირებული მძაფრი კრიტიკის გარდა, კოვიდრეგულაციები გახდა.
კერძოდ, მოსკოვი უკმაყოფილოა, რომ გერმანიაში ჩასულმა დელეგაციამ 6 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციის წევრები ევროკავშირში არაღიარებული ვაქცინით არიან აცრილი.
ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 20 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთი უარს ამბობს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობაზე.
საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ტრადიციულ შეხვედრას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება, სავარაუდოდ, დაესწრებიან აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები.