
მგონია, რომ ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის - განაცხადა ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, ათონელის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ.
მან სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე შეხვედრა დატოვა. ბურჯანაძის თქმით, რაკურსი გადავიდა წარსულის შეფასებაზე, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა ნომერ პირველი აქტუალობის არ არის.
"მქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაგვაყენებდა საქმის კურსში უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე. როგორც მინიმუმ თავის მოსაზრებას გვეტყოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას ხედავს ის კრიზისიდან გამოსასვლელად. წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ახლა ნომერ პირველი აქტუალობის. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკური ხედვა მექნება." განმარტა ბურჯანაძემ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ეროვნული თანხმობის პროცესში, ის პასუხობს: "ვნახოთ რა ფორმას მიიღებს შემდეგი ფორმატი. გთხოვთ, ჩემი პოზიცია დემარშად და გამიჯვნად არ ჩათვალოთ. ამ ფორმატს წარმატებას ვუსურვებ, უბრალოდ, მე ჯერ ჩემ თავს ამაში ვერ ვხედავ",- აღნიშნავს ბურჯანაძე.
შეხვედრა დატოვა "დროას" წევრმა, ნინო დოლიძემაც. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შერჩევითი სამართალი, ადამიანის უფლებების დარღვევა და ბევრი სხვა უსამართლობა.
ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრები ათონელის რეზიდენციაში უკვე 2 თვეა გრძელდება. 10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს "ინკლუზიურ პროცესს", საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა "მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".