სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა ეხმაურება და კიდევ ერთხელ იხსენებს 8 წლის წინ მომხდარს და ამბობს, რომ მისი შვილი ყოფილი ქმრისგან მუქარების გამო, პოლიციას დახმარებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ.
მოკლულის დედის თქმით, სისტემა მფარველობდა სერგი საცერაძეს, რომელიც ასევე პოლიციის თანამშრომელი იყო:
"სამოქალაქო ტანსაცმლით იყო, ფორმაც არ ეცვა. სატაბელო იარაღი ჰქონდა და იმ სატაბელო იარაღით აქ მოდიოდა ისროდა... იმან გაისროლა 5 ტყვია, სალომესთვის ეს 5 ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა, ის ადგილზე გარდაიცვალა ... უამრავი ხალხი იყო, "ირინეს პარკი" სავსე იყო...
პოლიცია რომ დამხმარებოდა მე, ან რჩევა მოეცა ვინმეს, სამხარეოს მივმართავდი, ვიღაცას მივმართავდი ვინც დამეხმარებოდა, რჩევაც არავინ არ მომცა. პოლიცია არის დამნაშავე, შსს არის დამნაშავე" ამბობს ფატი ჭელიშვილი.
შეგახსენებთ, მკვლელობა 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მოხდა. 19 წლის სალომე ჯორბენაძე ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი იარაღით მოკლა.
ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მსხვერპლი მოძალადისგან და მის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გაატარა.