
ლელა ჯანაშვილი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატია, ჟურნალისტების შეკითხვებს გაურბის.
ის დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გასაუბრებაზე იმყოფებოდა, იქიდან გამოსულმა კი მედიის კითხვებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა პერსონალური მონაცემების დაცვა, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსმენები, არ პასუხობს. მან უპასუხოდ დატოვა შეკითხვა - გარანტიას იძლევა თუ არა, რომ იქნება დამოუკიდებელი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სწორედ ჯანაშვილია "ქართული ოცნების" რჩეული.
პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის 2 კანდიდატურაა წარდგენილი - ლელა ჯანაშვილის და თამარ ალფაიძის.
ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებად ღარიბაშვილმა ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები შეარჩია.
ორივე სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად ყალიბდება.