NGO-ები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, ​ლონდა თოლორაიას სარჩელი დროულად განიხილოს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას სარჩელი დროულად განიხილოს და სადავო ნორმების მოქმედება შეაჩეროს.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ეს აუცილებელია პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.

ორგანიზაციები პარლამენტსაც მიმართავენ, შეაჩეროს ახლადშექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე არჩევის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

"კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს თუ „არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე.“ ასევე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება თუ „ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს“. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ დგას კონსტიტუციური სტანდარტების პირველადი განმარტების საჭიროების წინაშე. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქმის გადაწყვეტის სამართლებრივ ტვირთს.

აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია ყველა მატერიალური და პროცესუალური საფუძველი, სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელის დროულად და ეფექტურად განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების (პირველი მარტის) შემდგომ არსებითად დააკნინებს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობას და გამოიწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ღია საზოგადოების ფონდი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); უფლებები საქართველო; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI).

ცნობისთვის, ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 28 იანვარს დაარეგისტრირა. მოსარჩელე ითხოვს ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქმის დაჩქარებულ განხილვას და გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი