
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო, რომელმაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი რადას 335-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცნობილი ხდება, რომ საგანგებო მდგომარეობა ძალაში 24 თებერვლიდან შედის და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებისა, 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა თავის მოხსენებაში განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება არსებული საფრთხეებითაა გამოწვეული და მისი მიზანი შიდა დესტაბილიზაციის თავიდან აცილებაა. მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ცნობილია ისიც, რომ საგანგებო მდგომარეობისას სხვადასხვა წესი იმოქმედებს - დაწესდება ქვეყანაში შესვლისა და იქიდან გამოსვლის სპეციალური რეჟიმი. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვები გახდება მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვა და ჩხრეკა.
ამ პერიოდში აკრძალული იქნება მასობრივი ღონისძიებების გამართვა და გაფიცვებიც. ასევე, ძალაში შევა კომენდანტის საათი და მოქალაქეებისთვის მანქანების, ბარგისა და საბუთების შემოწმების უფლებაც.