ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. "ბოტანიკური ბაღი ეკუთვნის ხალხს" - ამ სლოგანით აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ისევ უფასო გახდეს.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "ხმა" იყო. აქციას შეუერთდნენ ადგილობრივი მომღერლები და ქორეოგრაფიული ჯგუფი "ოდოია".
შეკრებილების თქმით, იმისათვის, რომ 1 ოჯახი შევიდეს ბაღში, მათ 10-15 ლარის გადახდა უწევთ, რისი საშუალებაც, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს.
აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთადერთი სივრცეა, სადაც მოსახლეობას სუფთა ჰაერზე გასვლა შეუძლია და ხელისუფლებამ ხალხს პანდემიის პირობებში ეს შესაძლებლობაც წაართვა.
მათივე თქმით, პროტესტი პერმანენტული ხასიათის იქნება და გაგრძელდება მანამ, სანამ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ისევ უფასო არ გახდება.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბოტანიკურ ბაღში, 2020 წელს 6 მოლარე იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 50 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა იმ დროისთვის შესვლა ფასიანი არ იყო. ბაღის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ აღნიშნული პირები პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დაცვაში ეხმარებოდნენ.
ავტორი: ემა გოგოხია
ამავე თემაზე: