
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის მერს კორუფციაში ადანაშაულებს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ არჩილ ჩიქოვანი კომპანია "აჭარგანათებას" უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და ტენდერებს მისთვის მორგებული პირობებით აცხადებს.
ეს იმ ფონზე, როცა კომპანია არსებული დარღვევების გამო, აუდიტის დასკვნაში მოხვდა. დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ "აჭარგანათებას" მილიონობით ლარი დოკუმენტაციების გარეშე აქვს ჩარიცხული.
გარდა ამისა, დღევანდელ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ის შეკითხვები გაასაჯაროვეს, რომელიც ბათუმის მერს ახალი, 29-მილიონიანი ტენდერის გამოცხადების წინ მოაწერეს, თუმცა პასუხები არ მიუღიათ.
"ბათუმის მერიამ 29 მილიონი ლარი გამოყო იმისთვის, რომ შეცვალოს განათების სისტემები ქალაქში. გუშინ დასრულდა ტენდერი და ერთპიროვნულად მოიგო კომპანია "აჭარგანათებამ“, რომლის მიმართაც უამრავი კითხვა ისმის. მინდა მერს ვუთხრა, რატომ არ არის შესაბამისი ტექნიკური ხარჯთაღრიცხვები და დოკუმენტაცია დღემდე თქვენს მიერ გამოქვეყნებული", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რევაზ ხარაზი.
პარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, საკითხით დაინტერესდნენ.