რიგები კიევის აეროპორტში, პანიკა მოსახლეობაში და საქართველოს საელჩოს დუმილი - ეს ის საკითხებია, რომელზეც "მთავარი არხის" ვებგვერდთან უკრაინაში მყოფი ქართველები საუბრობენ.
საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ გვიან ღამით, ქვეყანაში ევაკუაციის გეგმა დამტკიცდა, განიხილებოდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებაც, თუმცა, ამის საჭიროება, ამ ეტაპზე არ დამდგარა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საელჩოს ქვეყნის მოქალაქეებთან კომუნიკაცია არ აქვს.
"კონტაქტი მხოლოდ ცალმხრივია, როცა დარეკავ, გიპასუხებენ. ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უცხოურ მედიაზე დაყრდნობით მივიღეთ. საელჩოში ამბობენ, რომ ქართულ მხარეს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და საკითხთან დაკავშირებით, ვერაფერს გვეტყვიან. თუმცა სიმშვიდისკენ მოგვიწოდებენ", - ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამ დრომდე კიევში იმყოფება, თუმცა ქვეყნის დატოვებას უახლოეს პერიოდში აპირებს.
მან კიევი-თბილისის ბილეთები ცოტა ხნის წინ, დიდ რიგში დგომის შემდეგ იყიდა. ის ამბობს, რომ აეროპორტში უზარმაზარი რიგებია, "ყველას ქვეყნის დატოვება უნდა" და ბილეთების საყიდლად რიგში 2 საათზე მეტს იყვნენ.