
რატომ ვერ გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ხსენება - დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ ბრიტანელ კოლეგებს ამ საკითხზე მწვავე კითხვები ჰქონდათ.
პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ლორდთა პალატაში ამასთან დაკავშირებით წუხილი გამოხატეს და დაინტერესდნენ, რა პოლიტიკა აქვს "ქართულ ოცნებას" რუსეთთან მიმართებაში.
"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება და აქცენტები დღეს გადატანილია რუსეთის აგრესიის არდაშვებაზე უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს დემოკრატია არის ბრიტანეთის ინტერესში და ის წუხილები და კითხვები, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან მიმართებაში, როდესაც რუსეთის ფედერაცია არ ეწერა, ამაზე ძალიან ღიად გვკითხეს ორივე ანალიტიკურ ორგანიზაციაში და დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოლიტიკა აქვს "ქართულ ოცნებას" რუსეთის მიმართ", - ამბობს პარლამენტის რეფორმების ჯგუფის წევრი, თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, "ოცნებამ" უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია ისე შეიმუშავა და დაამტკიცა, რომ ტექსტში რუსეთი არ უხსენებია. რეზოლუცია პარლამენტმა 1-ელ თებერვალს მიიღო. მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.