ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი ოფიციალური პოზიცია ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე 13 კონგრესმენის წერილს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია დადანაშაულებული.
2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ თუ ვნახავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს, საქართველოს აქვს წინსვლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში. იგივე არის სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებითაც - ოფიციალური ამერიკის განცხადება ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელვანია და ის რა მიმართულებითაც გვაქვს სამუშაო და რეფორმები განსახორციელებელი, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად, - აცხადებს კალაძე.
ოპოზიცია კი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ თუ მმართველი პარტია, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ეს ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ სწორედ ახლაა შესაბამისი მომენტი იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები დაალაგოს.
აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ის ადამიანის უფლებების დარღვევები, კანონის უზენაესობის კუთხით არსებული პრობლემები, რომელიც ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა. და დიახ, მათ შორის იგულისხმება ის რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრები არსებობენ, აშშ-მ იმ ხელისუფლებასთან მიმართებით ადევატური ზომები უნდა გაატაროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოიყენოს, რაც დაეხმარება როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზებას, ასევე, ვფიქრობ რომ საგრძნობლად გააუმჯობესებს ურთიერთობებს ბიძინა ივანიშვილის დასავლეთთან, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ევროპულ საქართველოშიც" ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა იმ მითითების გათვალისწინება, რასაც დასავლელი პარტნიორები ქვეყნის მისამართით აჟღერებენ. პარტიის წევრი გიორგი კანდელაკი მმართველ გუნდს რვა მარტის შეთანხმების შესრულებისა და მისი ყველა პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს.
ჩვენ უკვე ვიხილეთ ძალიან მკაფიო საერთაშორისო შეფასებები საქართველოს მეგობრების მხრიდან. პოლიტიკური ფიგურების მხრიდან როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირში, ვინც წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი სუვერენიტეტისთვის მთელი ამ წლების განმავობაში, მაგალითად, მოგვიტანა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. მათგან გავიგეთ ეს მწვავე შეფასებები. ბურთი არის "ქართული ოცნების" მხარეს და არავინ არ ელის რომ ისინიც იტყვიან, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია. ნუ იტყვიან, არ არის პრობლემა. უბრალოდ შესრულდეს შეთანხმება და წავიდეთ წინ, - ამბობს კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთხელ ღიად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კრემლის მითითებებს ასრულებს და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ამის შესახებ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს. დოკუმენტი 11 ივნისს გამოქვეყნდა.