ზელენსკისა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ ლიდერებმა უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენები განიხილეს და დეესკალაციის გზებზე იმსჯელეს. 

სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარეს ესმის ყველა არსებული რისკი და სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის ეფექტურ მხარდაჭერას განაგრძობენ. 

"ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ვიმედოვნებთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს ხელს შეუწყობს პანიკის გავრცელების თავიდან აცილებას" - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა უკრაინის 
უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფის მნიშვნელობასაც - "მზად ვართ განვიხილოთ ეს სხვადასხვა ფორმატში" - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარეშე ევროპაში უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს. 

მისივე თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა არაა და "ამიტომ, სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაღები მხოლოდ ძლიერი უკრაინული არმიაა".

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი