პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, ე.წ ქოლ ცენტრების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს და სპეკულაციები შეწყდეს. მისი განცხადებით, საქმეში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულები, თუმცა გვარების დასახელება არ სურს.
მან ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილს მთავრობის სხდომაზე დაავალა შეიქმნას საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქოლ ცენტრების საქმიანობას შეისწავლის.
ღარიბაშვილის აზრით, წინა ხელისუფლების წევრები საქმეში ჩართულები იყვნენ და რადგან სახელმწიფომ მათი დანაშაულები გამოავლინა ახლა მთავრობის წევრებზე გადაბრალება და შურისძიება სურთ.
"ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას და მის საზღვრებს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება არის საჭირო. მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ჩემი ინფორმაციით. ამაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია, მოგეხსენებათ, პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს. ისინი არიან ჩართულები, ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან, სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით ასე ვთქვათ, სხვებზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელია",- თქვა ღარიბაშვილმა.