გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მან უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას და მის ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.
"უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გერმანიისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის არ არის განსახილველი საკითხი. თუ რუსეთი ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ",- დაწერა ოლაფ შოლცმა შეხვდერის შემდეგ Twitter-ზე.
შოლცის თქმით, სამშაბათს, 15 თებერვალს მოსკოვში პუტინს შეხვდება, სადაც იმ "მძიმე" შედეგებზე ისაუბრებს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვება.
ამავე დროს გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის გერმანია რუსეთთან "სერიოზული დიალოგისთვის" მზად არის.
თეთრ სახლში ეჭვობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დროს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.
12 თებერვალს ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი გაიმართა, თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ყველანაირი სცენარისთვის მზად არის და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამერიკა და მისი მოკავშირეები რუსეთს "მძიმე საფასურს" დააკისრებენ.