
დღეს პარლამენტი სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეჩერებას განიხილავს. კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი წინა კვირას დაუჭირა.
ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის და ახალა ამ ფორმით ცდილობს პარლამენტში ოპოზიციას ხმები მოაკლოს.
"დღევანდელ საქართველოში მოულოდნელი არაფერი არაა, სამწუხაროდ, ისე ვითარდება ქვეყანა, შესაბამისად უმრავლესობის ეს გადაწყვეტილებაც, ალბათ მოსალოდნელი იყო, ეს არის გაგრძელება იმ ხაზის, რომელიც სამი წელია ჩვენს მიმართ ატარებს "ქართული ოცნება", თუმცა მე მინდა დაველოდო მაინც ხვალინდელ კენჭისყრას, და ამის შემდეგ გაგაცნობთ ჩვენ გეგმებს", - თქვა "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ ჯაფარიძის შემთხვევაში გადაწყვეტილებას სასამართლო განაჩენის მიხედვით მიიღებენ, ელენე ხოშტარიას მის შარშანდელ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ, შალვა ნათელაშვილს კი მანდატი სხდომების გაცდენის გამო გაუუქმდება.
მანდატების გაუქმების შემთხვევაში ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების მობილიზებას ვეღარ მოახერხებს. ვერ შეიქმნება "რეფორმების ჯგუფის" ინიციატივით 5 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიაც.