
დღეს პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევას უყრის კენჭს. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.
ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილი არიან - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები. საპარლამენტო კომიტეტზე განხილვისას, მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედ თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს გამოუცხადა, თავად კალანდარიშვილი კენჭისყრის დასულებამდე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
"ქართულ ოცნებას თავიდანვე ჰყავდა სასურველი კანდიდატი, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი შეკითხვები იყო, მის მიერ ჩატარებული არჩევნებით და ზოგადად 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები იყო ძალიან მძიმედ ორგანიზებული არჩევნები. მეორეს მხრივ, ჩემი მხრიდან იყო წარმოდგენილი რეფორმების 5 პუნქტიანი გეგმა, რომელიც აუცილებელია, რომ გვყავდეს ნეიტრალური და თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, მმართველი ძალა ხელიდან უშვებს ამ შესაძლებლობას", - თქვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თენგო თევზაძემ.
ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. თუ კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. განმეორებით კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებს, როგორც ეს წინა ჯერზე, გიორგი კალანდარიშვილის არჩევისას მოხდა.