
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებისთვის და მას ნამდვილად აქვს მოლაპარაკების სურვილი - ამის შესახებ მან CNN -თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინის კრიზისი რუსეთისთვის უსაფრთხოების მხრივ არსებული შეშფოთების მხოლოდ ერთი ნაწილია.
„უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ითხოვდა მოლაპარაკებებსა და დიპლომატიას და რეალურად, მან წამოსწია საკითხი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. და უკრაინა პრობლემის მხოლოდ ნაწილია, ეს არის რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების უფრო დიდი პრობლემის ნაწილი და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი მზად არის მოლაპარაკებისთვის“, - თქვა პესკოვმა.
გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პუტინს უთხრა, რომ რუსეთის უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთთან დიპლომატიური დიალოგის "შანსს" ხედავს.