პოლიტიკური შურისძიება განხორციელდა. "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტიდან სამი დეპუტატი გააგდო. ბადრი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია დეპუტატის მანდატის გარეშე დარჩნენ. "ლელოს" ლიდერისთვის ეს პოლიტიკურ დეჟავიუა - ის ჯერ სამხედრო ხუნტამ დატოვა პარლამენტს მიღმა და ახლა "ქართულმა ოცნებამ". "ლეიბორისტების" ლიდერს მმართველმა პარტიამ ფორმალურად გაცდენები არ აპატია. ელენე ხოშტარია კი პრინციპის ერთგული დარჩა და გაყალბებული არჩევნების შემდეგ გაკეთებული განცხადება მანდატის გაუქმებაზე უკან აღარ წაიღო.
მაგრამ რეალურად არცერთ ყოფილ დეპუტატს მანდატის არსებობის საკითხი არ აწუხებს. რეალური პრობლემა ოპოზიციონერებისთვის მათი რაოდენობის შემცირებაა. ამ ეტაპზე პარლამენტში ფორმალურად მაინც არის 50-ზე მეტი ხელისუფლების ოპონენტი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის წამების და 5 ივნისის საქმეებზე კომისიების შემქნის მხარდასაჭერად მათი კონსოლიდირება ურთულესი ამოცანაა. ახლა ოპოზიცია ვითარების გადარჩენას გაუქმებული სიების აღდგენით ცდილობს, მაგრამ გასაღები აქაც "ქართული ოცნების" ხელშია.