როგორც ჩანს, ოთახში იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ და ამიტომ წაშალეს ჩანაწერი - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები სახელმწიფო ინსპექტორს ვიდეომასალების გასაჯაროებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

ადვოკატების მტკიცებით, გამქრალია გორის ჰოსპიტალში გაკეთებული ე.წ. საათის ეპიზოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომლის ფიგურანტებიც ბადრაგის თანამშრომლები არიან.

კადრები მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ნახეს, თუმცა სათვალთვალო კამერით გადაღებული, ძალადობის ამსახველი კადრები, რომლის სრული მასალა უნდა ინახებოდეს, წაშლილია.

საქმეში დევს მხოლოდ ბადრაგის სამხრე კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობენ მიხეილ სააკაშვილზე, თუმცა დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ინციდენტში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც არ ჩანან სამხრე კამერაში.

​"ამ არასრულ ვიდეომასალაში არსებული კონტენტი არის იმაზე მძიმე, ვიდრე ამის მოლოდინი გვქონდა. როგორც ჩანს, ამ ოთახში იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც ალბათ, არ უნდა ყოფილიყვნენ და ამის გამო  მოხდა ჩანაწერის წაშლა. ამ ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ეჭვი, თუ როგორ ამორალურად და დანაშაულებრივად იქცევა მოქმედი ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ", - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი