
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაასაჯაროოს ვიდეო ჩანაწერები, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული.
ე.წ. საათის ეპიზოდი, რომელიც გორის ჰოსპიტალშია გადაღებული, მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ნახეს, თუმცა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ძალადობის სრული მასალა უნდა ინახებოდეს, წაშლილია.
საქმის მასალებში დევს მხოლოდ ბადრაგის სამხრე კამერით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობენ მიხეილ სააკაშვილზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ვარაუდობს, რომ ინციდენტში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სამხრე კამერაში არ ჩანან.
"ჩვენ ცხადია მოყოლით ეს ისტორია ვიცოდით და გვქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა მძიმე, მაგრამ არ ველოდით, თუ ასეთი მძიმე სანახავი იქნებოდა. ამ სიტუაციას და ძალადობას ამძიმებს თავად ამორალური ხასიათი ამ ძალადობის, როდესაც აშკარად იკვეთება, რომ სისტემა განზრახ ძალადობს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და ამას აკეთებს პაციენტის საწოლში, ვითომდა სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. სინამდვილეში, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არასოდეს არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. პირიქით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის პრობლემებზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეს პრობლემები ზუსტად მის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგია, როგორც გლდანის მე-18 დაწესებულებაში, ისე გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
ჩვენ კვლავ ვითხოვთ ამ ვიდეომასალის გასაჯაროებას, იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება შერჩევითად, დამონტაჟებულ ვიდეომასალას ასაჯაროებდნენ. მართალია, მათ მიერ გასაჯაროებულ მასალაშიც დასტურდება წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, თუმცა სრულ ვიდეომასალაში, მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეპიზოდში, რომელიც არ გასაჯაროებულა, ამით შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ დადგენილი იქნება სააკაშვილის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახოს როგორ არაადამიანურად და ამორალურად ექცევიან მესამე პრეზიდენტს, რაც ნამდვილად წარმოადგენს ამ ქვეყნის სირცხვილს", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.