ქუთაისში გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, წლებია ამ ადგილზე ვაჭრობენ, თუმცა ახლა მათ უთხრეს, რომ საქმიანობის ამ ფორმით გაგრძელებას ვერ შეძლებენ და ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა შესთავაზეს.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში ქირის გადახდას ვერ შეძლებენ, ამიტომ მერიის შეთავაზებას ვერ თანხმდებიან.
"ღამე მოვიდნენ ქურდულად, მაგიდა, სკამი, ყველაფერი წაიღეს, არ იმუშაოთ, წადით სახლებში და იყავით მშიერიო. ბაზარში ვერ შევალთ, შეუძლებელია, იქ გადასახადია 15 ლარი, 15 ლარი დღეს მე შეიძლება საერთოდ ვერ ვიშოვო და ცარიელი წავიდე სახლში", - ამბობს გარემოვაჭრე.
ამ დროისათვის ადგილზე მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.
ცნობისთვის, გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს თბილისშიც, ვარკეთილი მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ დღეს დილით დახლები აღებული დახვდათ. ტერიტორიაზე მერიის ზედამხედველობის სამსახური თანამშრომლები არიან მობილიზებული.