ორჯერ დარიცხული კომუნალური გადასახადები და გაზრდილი ტარიფი - მოქალაქეების საჩივრები "ნაციონალური მოძრაობისა" და "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრებმა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში შეიტანეს.
ადგილზე მათ საილუსტრაციოდ დიდ ფორმატზე ამობეჭდილი ქვითრები ჰქონდათ მიტანილი.
"ადამიანებს, რომლებსაც მოპარეს დამატებით მილიონები, უნდა დაუბრუნდეთ იმ ქვითრებზე, რომლებზეც დაარიცხეს ზედმეტობით გადასახადები. აქ მოვიტანეთ რამდენიმე ქვითარი, საილუსტრაციოდ დიდად, იმიტომ, რომ მესმის, რომ ნარმანიას, ღარიბაშვილის ფერადი სათვალეებიდან შესაძლოა, არ ჩანდეს ქვითარზე დატანილი ძალიან დიდი თანხები, რომლებსაც უკვე ადამიანები ვერ იხდიან", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
ენმ-მ განცხადება დავით ნარმანიას სახელზე ჩააბარა, ახლა ისინი ელოდებიან სემეკის პასუხს, დაუბრუნდებათ თუ არა ასობით მოქალაქეს ზედმეტად გადახდილი თანხა.
პარტია ისევ მოუწოდებს მოქალაქეებს, საკითხის გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში, მიმართონ მათ იურიდიული დახმარების გასაწევად.
თებერვალში სემეკმა განაცხადა, რომ "თელასსა" და "თელმიკოში" სპეციალური ჯგუფი შევა, რომელიც აბონენტებისთვის დარიცხული გადასახადების შემოწმებას დაიწყებს. პროცესი ერთ თვეში უნდა დასრულდეს.