ვითარება უკრაინაში - ბოლო საათების მოვლენების ქრონოლოგია

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოკუპირებულ დონბასის რეგიონში ღამით სროლების ხმა ისმოდა. გუშინ ქალაქ ლუჰანსკში საბავშვო ბაღის შენობას ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც არავინ დაღუპულა, თუმცა ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაშავდა, დღეს დილით ადრე კი საცხოვრებელი სახლი გახდა ბოევიკების სამიზნე, თუმცა აქაც ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. 

ამავე დროს, სეპარატისტული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უკრაინამ მათ წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ მათი მხრიდან თავდასხმითი ოპერაციები არ იგეგმება და პროვოკაციებს სწორედ რუსული მხარე მიმართავს.

რუსეთი ამზადებს საბაბს, რომ უკრაინაში შეიჭრას და შეტევის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ ჟურნალისტებთან განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის ვარაუდით, ომი გარდაუვალია, თუმცა დიპლომატიური გზები ჯერ კიდევ დარჩენილია.

განცხადება გააკეთა ასევე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის გარშემო ჯარების რაოდენობას ზრდის.

თავის მხრივ, რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და აშშ-ს დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებს.

გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა რუსული პროვოკაციის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც დადგმული თავდასხმა სამოქალაქო პირებზე, ასევე რაიმე ყალბი მასობრივი სამარხის აღმოჩენა, რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტის მოწყობა ან რეალური ქიმიური შეტევაც კი. მსგავსი ოპერაციის შემდეგ, ბლინკენის თქმით, რუსეთი მოიწვევს უშიშროების საბჭოს და განაცხადებს უკრაინაში ეთნიკური რუსების დაცვის აუცილებლობის შესახებ.

კიევში კი გუშინ უკრაინის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ახალი პოლიტიკური კავშირი ოფიციალურად გაფორმდა. დმიტრო კულებამ ამის შესახებ კიევში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, ლიზ თრასთან ერთობლივ ონლაინ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა. კავშირი ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებას, ასევე უსაფრთხოების სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაწყებას გულისხმობს.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მზად არის, დათანხმდეს რუსეთის შემოთავაზებას და მომავალ კვრაში ევროპაში შეხვდეს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. პრაისმა ასევე დააკონკრეტა, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ მანამდე რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. ბლინკენისა და ლავროვის სავარაუდო შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი